Wednesday, November 8, 2017

რაც არ აძლიერებს, კლავს.


მოვა ილუზია, იმის შესახებ, რომ ყველაფერს ეშველება.

მალე მოიხარშება? - ნერვიულად დააბოტებს ოთახში ცოტნე და გონებაში წამებს ითვლის. – „ 1..2..3..... 60.. უკვე ერთი წუთია. წუთი-წუთზე..“
„მაცადე, ვაშრობ.“ -  ენის წვერით, მარცნიდან-მარჯვნივ ისველებს ზედა ტუჩს კოტე. ხელში მომწყვდეულ რკინის ჯამს გველეშაპის ხახაზე ატარებს  და კმაყოფილების ნიშნად ქვედა ტუჩს ოდნავ იკვნეტს. 
ჟანგისფერ დივანზე ფერგადასული დემეტრე ასვენია. სუნთვაგახშირებული, სისხლიან თვალებს ძლივს ახელს. კბილებს სიმწრისგან ერთმანეთზე აჭერს. სხეულის ყველა ატომი უთრთის.. ცალი ხელი მუცელზე მძლავრად აქვს შემოჭდომილი, მეორეს კისერზე იჭერს. ამობერილ ვენებში თითქოს ჭიანჭველები დაცურავენ. ცდილობს როგორმე გაუძლოს, მდგომარეობიდან გამოვიდეს.. 
„კარგად დააშრე..“ - არ ცხრება მოლოდინით გულანთებული ცოტნე. 
„მე ჩემი საქმე ვიცი ალექსანდროვიჩ. ცოტაოდენი ანჰიდრიდი და ვუალა..“ - კოტემ  წამიერად ამოიხედა ღიმილიანი მზერით და ისევ საწადელ საქმეს დაუბრუნდა.  ცალი მუხლი გაცვეთილ იატაკს ამთხვია, სხეული ანთებულ ქურას მიუახლოვა, ღრმად შეისუნთქა „რასტვარიწელით“ გაჟღენთილი ჰაერი და ამაყად დაიძახა: 
- „მზადაა, მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა.
- „ერთი სწორი ჩხვლეტა და სამყარო ისევ ფერადი იქნება. „ - დემეტრეს თვალებში ნაპერწკალი გაჩნდა.
-„ცოტნე, ჩემო ძმაო, მაგდენ სიარულს მიდი შპრიცები მომაწოდე და ტასოს გასძახე მოვიდეს.“ - მოუთმენლობა შეეპარა ხმაში კოტეს.
- „მგონი სულ გამოგაშტერა ამ მორფმა შენ. იმ ანგელოზივით გოგოს რაღას ერჩი?  ან სადაა მაგაზე გასაფუჭებელი წამალი?“ - ცოტნე ბრაზით აღსავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა მეგობარს, ვერ დაეჯერებინა რომ კოტე არ ხუმრობდა. 
-„შენ საქმეს მიხედე, დაუძახე მეთქი, გასინჯვა უნდა და არ გავუტეხავ.“ 
-„ცუდად იქცევი კოტე, ძალიან ცუდად იქცევი. ნუ ჩაითრევ ამ სიბინძურეში. ისაა შენი ერთადერთი ხსნა. ფსკერისკენ მიგყავს იცოდე.“ 
-„ცოტნე, გეყოფა შენ შენი. დაუძახე თორემ ვეღარაფერს მიიღებ იცოდე.“- კოტეს ბრაზი მოაწვა სახეზე, ერთიანად აწითლდა.
-„მე გაგაფრთხილე იცოდე.“- სინანულით უთხრა ცოტნემ და ოთახიდან გავიდა.
სამზარეულოს ზღურბლთან შეჩერდა, ერთხანს სევდიანად უყურებდა ხუჭუჭთმიან გოგოს. მერე ღრმად ჩაისუნთქა და კედელზე ორჯერ დააკაკუნა.
„ტასი-ბასი, სატრფო გიხმობს.“ 
„მოვდივარ, მოვდივარ.“ - საჩქაროდ ჩადო ნიჭარაში ჩაის ჭიქა ტასომ, თმა აიკეცა და ცოტნესთან მიირბინა. – „ ხომ არ მეტკინება? „ - ბავშვური სიხარულით შესციცინა.
„დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეტება გინდა? ვერ გვიყურებ რა დღეში ვართ? ადამიანს აღარ ვგავართ არცერთი. დაფიქრდი რა.. არ გინდა დამიჯერე. ვეღარ შეეშვები.“ -  მუდარად აღმოხდა ცოტნეს. ტასოს დარჩენილი თმის ღერები ყურს უკან გადაუწია , ხელი ნიკაპისკენ ჩამოაცურა და თავი ზემოთ აუწია.
„მინდა ცოტნე, მეც მინდა. კოტესთან ერთად ყველაფერი მინდა.“ - თვალები აუცრემლიანდა.
„სულელი გოგო ხარ შენ და ის შენზე სულელია, ამის უფლებას რომ გაძლევს.“ - ეს თქვა და წინ, გოლგოთისკენ, წარუძღვა.
დემეტრეს მკლავზე დაეხვია ქამარი, კბილებით ძლიერად უჭერდა. მეორე ხელს კი რიტმულად ამოძრავებდა. კოტე  მის დაფლეთილ ვენებში იქექებოდა. როგორც იქნა მიაგნო, შპრიცი ნელნელა ჩაცალა. თავგადაგდებულს მომღიმარმა შეხედა და სამკლაური მოხსნა. 
შემდეგ ცოტნეს ჯერი დადგა, მერე ტასოს ჯანმრთელ ვენებამდეც მიაღცია შხამმა. ბოლოს კი თავად შემოქმედს ერგო მისი წილი. 
ცოტნე სავარძელში ჩაეშვა, სიგარეტს მოუკიდა, სახე ერთიანად უბრწყინავდა.
ტასო და კოტე გვერდიგვერდ იწვნენ. ტასომ ნელნელა ხელი აწია და კოტეს სახესთან მიიტანა. ნაზად მოეფერა და ჩურჩულით უთხრა : 
„ვგრძნობდი რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. ვენაში მორფით. შენს გარეშე..“ - ზემოთ აიხედა. სახე გაოცებით დაეჩრდილა. ნერწყვი ძალდატანებით გადაყაპა და დაიჩურჩულა: -  „კოტიკოო, ესაა სამოთხე?“
***
როცა გგონია, რომ შენი შვილი უსაფრთხოდაა.
გგონია რომ თითოეული მისი ნაბიჯი სწორია.
რომ არაფერი ემუქრება.
ქალაქში დადის და მომღიმარი უყურებს გამვლელთა ფიქრებს.
მაშინ ჩნდება სევდა.
დაბურულ თვალებში ობობის წითელი ქსელი უჩნდება.
სიცხიანი ფილტვები ეხუთება.
აქ რომელიღაც საგანი აკიაფდება მთვარის შუქზე, უგრძნობლად, გაყინული მოძრაობით.
ასფალტზე ბზარი ჩნდება, დედამიწას თავი უსკდება.
წითელი ნაკადული ხეებს ახმობს.
დაღლილი სხეული ზურგზე აწევს მშობლიურ მიწას და სუნთქვას უთვლის.

112 გისმენთ.
ბრიგადა 526.
სიკვდილის დრო მთელი სიცოცხლეა.

No comments:

Post a Comment

L’écart d’âme

If you remember me, then i don’t care if everyone else forgets. მე ჩემი ოთახის გვიმრას ვუსხამ წყალს. შენ სიგარეტის გადატეხილი ღე...