Thursday, November 23, 2017

ზღვა, რომელიც შორია


“Don't wake me up right now, I need to see if this dream is gonna last, till I get to see you again.
I don't want to wake up, just, stay right there.
I know this dream is a dream, but i know it could be real.”

ის ჩემი ზღვაა.. ზღვა, რომელიც შორია. რომელსაც ვეღარასდროს შევეხები, ვეღარ  შევიგრძნობ.  ჩემი სიცარიელეა, რომელსაც ყოველთვის ვივსებ. თუმცა თავს მუდამ მახსნებს. ერთადერთი ცეცხლი, რომელიც არასდროს ნელდება.

შენი სულის წიაღს ყოველთვის ათბობდა სევდა.
მე და შენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ. სხვადასხვა გზებით.
რამდენი წელია ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დავდივართ. თუმცა მაინც იხლართება ჩვენი გზები. ოღონდ წამიერად.

მე შენი ჩაის წვეთები მათბობს წლიდან-წლამდე.
რამდენი საუკუნეც არ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს, ჩვენ შეხვედრას მაინც სხვანაირი ფერი აქვს.. სულ სხვანაირი.
სხვანაირად თბილი ფერი.
ყოველი შენი შეხებით სათითაო ატომს მიფეთქებ სულში. ეს გრძნობა ჩემთვის უცნაურია.  უცნაურად მწველი და ზედმეტად სასიამოვნო.

  ქუჩის კუთხეში ბერიკაცი მიაბიჯებს.. გრძელი, თაფლისფერი პლაშით. თავზე გაცრეცილი შლაპით. ხელში ყვითელი ყვავილების კონა უჭირავს. გადათოვლისფერებული წვერის მიღმა დანაოჭებული სახე მოუჩანს. ღიმილის კუთხეებიდან მზის ნაპერწკლებს აფრქვევს.
ჰაერი ქრიზანთემების სუნით იჟღინთება.

  ასეთი სიყვარული რომ მეპოვნა, ალბათ აღარსდროს შემეშინდებოდა სიბერის. არც დარჩენილი წლების თვლას დავიწყებდი ალბათ.. და არც ახალგაზრდული სიკვდილი მომინდებოდა.

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი წინა ცხოვრების სიყვარული ხარ. რომ ჩემი ატომები ყოველთვის იცნობდნენ შენს ატომებს. რომ ყოველთვის უყვარდათ ისინი.
რამდენი ადამიანიც არ უნდა შემხვდეს, ჩემი ცხოვრების უშენოდ განვლილ გზაზე, ყველა ჩახუტებისას შენ გამახსენდები.
ჩვენს შეხებას სხვანაირი გემო აქვს.

შენს მკლავებში მოქცეული, აღარ ვტოვებ ჩვენს შორის მანძილს. ზურგით გეკრობი ხავერდოვან მუცელზე და სათითაო მალას ვითბობ. მე ხომ მუდამ ცივი სხეული მაქვს. მარმარილოსფერ ხელის გულში ვაქცევ ჩემ სახეს, თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვისუნთქავ ჩვენი ერთად ყოდნის სურნელს. მთვრალი ალუბლის გემო გაქვს. თითებს ძლიერად გაჭერ მაჯაზე, რომ ვიგრძნო შენი ახლოს ყოფნა ჩემთან.
მინდა გახსოვდე.

და როცა მე ვდგავარ უყველაფრო აივანზე. დაბრმავებული გავყურებ ზღვას, ტალღების რახარუხს მელოდიად აღვიქვამ. სიგარეტი სიცივისგან თითებზე რომ მეყინება, ამავე სიგარეტის ალით რომ ვითბობ დანაწევრებულ სულს, სწორედ მაშინ... მაშინ ჩნდება შენი ჩახუტება.
ზურგიდან მეპარება. ცალ ხელს წელზე მხვევს. ცალით აალებულ ღერს მართმევს და ღრმა ნაფაზს ურტყამს. შემდეგ უკან მიბრუნებს ჩემი გულივით დაფერფლილ სიგარეტს. ორივე ხელით ძლიერად მიხუტებს გულთან. ღაწვს მის ლავიწს ვაყრდნობ. მისი სუნი მთელ ჩემს  სხეულს იკავებს. ჩემდაუნებურად ვითვლი მისი გულის თითოეულ ფეთქვას. ნიკოტინით გაჟღენთილი ხელით თმაზე მეფერება. მერე ნაზად მკოცნის შუბლზე. მე თვალებს ვხუჭავ. ლამპიონებს გაბზარული სხივებივით აღვიქვამ.
აქ დროს ვაჩერებ..

გამოსაფხიზლებლად ისევ ნაფაზს ვურტყამ.
შემდეგ იმ მუსიკას ვრთავ, რომელსაც ერთმანეთამდე მივყავართ. შენ მაგივრად ლამპიონის შუქს ვეცეკვები. ამ შუქს ზუსტად შენი ფერი აქვს. ზუსტად შენი სუნი.

  ბერიკაცი წამიერად ჩერდება. მზესუმზირის გამყიდველ ქალს მორცხვად უღიმის.. ყვავილებს აწვდის.. და ისევ ამ ქუჩის კუთხეში ქრება. ჩემამდე ვერ მოღწეული გრძნობებივით. მისი ისტორია ყოველდღიურია. და ყოველთვის ასე მთავრდება. არაფერს ელის საპასუხოდ.

მასზე ამბობენ გიჟიაო..
რაიცი, იქნებ უყვარდეს.

No comments:

Post a Comment

L’écart d’âme

If you remember me, then i don’t care if everyone else forgets. მე ჩემი ოთახის გვიმრას ვუსხამ წყალს. შენ სიგარეტის გადატეხილი ღე...