"და მისი გული, - ისიც მჩატე გაზეთივით დაჭმუჭნული და გაჩვარებული, - ღვთაებრივი ხანძრით არ ანთებულა. იქ, სადღაც ჯურღმულში ოდნავ-ღა ჰბჟუთავდა მილეული ჭრაქი და მასზე ძლივს-ღა შიშინებდა ნელ-თბილი სიყვარული."
ზოგჯერ ისე გენატრება სახლი, რომელსაც საერთო სუნი ჰქონდა.
მე იმ წვიმაში ვდგავარ, რომელიც არასოდეს გადაიღებს.
თითქოს ძალიან, ძალიან შორს წავედი.
წყვდიადს შევუერთდი, რომლისთვისაც მზე არასდროს ამოდის და დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობ.
ისევ ჭაობში ვიძირები.
გათენებულ ღამეებს ერთმანეთზე ვაბამ, თითქოს იმ ბაწარს ვქსოვ, რომლითაც შევძლებ ზედაპირს მივაღწიო.
მაგრამ ყოველ ჯერზე მეშლება..
ამოსვლის მაგივრდ თავს ვიხრჩობ.
ერთ მშვენიერ ღამეს, სრულიად მარტო დარჩენილი ხვდები, რომ აღარაფერი არ არსებობს რაც გიყვარდა, რითიც ბედნიერი იყავი.
იღვიძებ და ხვდები, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში გიბრძოლია, თურმე არასოდეს არსებულა.
შენი ყველა ოცნება ზღვამ ჩაყლაპა და შენც მათთან ერთად მიექანები ფსკერზე, სადაც მარადიული მარტოობის მჭახე სუნი დგას.
მოთმიების ფიალას ვივსებ.
დიდი ხანია მასში ადგილი აღარ არის.
დამფრთხალი სიყვარული ნაცემი ძაღლივით ქუჩის კუთხეში მემალება.
მე გზას ვაგრძელებ.
მაისი.
უნივერსიტეტის ციებცხელებიდან დაბრუნებულმა მძიმედ გავაღე სახლის კარი.. წამებში მოვიშორე სამოსი, რომელიც უკვე ზიზღს მგვრის.
აბაზანაში შევვარდი. სარიტუალო პროცესს დაემსგავსა წყლის დინება. თითქოს ყველა ცოდვას მბანდა. ხალათში გამოწკეპილმა ჩაიდანი დავდგი და სულმოუთქმელად ველი მის ადუღებას, რომ ცხელმა, დარიჩინიანმა ჩაიმ სევდა და ყელში მობჯენილი ბურთი ერთად გამიქროს. უფსკრულამდე ათრიოს.
სული გამითბოს.
აივანზე გამოვედი. სიგარეტს მოვუკიდე და დაძველებულ, წვიმიან ქალაქს ვუყურებ. ხელოვნურად ამოძრავებული, დაბეჩავებული და სულმიხდილი რომ მიშლის გულის სტრიქონებს..
ვფიქრობ.. ვფიქრობ ბევრს..
ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოვიდგენ როგორი ვიქნებოდი, ჩემი შეყვარებული ჯარისკაცი რომ ყოფილიყო.
სამშობლოსთვის თავდადებული. მიწის ყივილი რომ მოსვენებას არ აძლევს.. მჩქეფარე სისხლის ხმა კი ჩემამდე რომ აღწევს.
მე- როგორც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჩუმი ქვრივი.
თითოეულ ადამიანში რომ მისი ღიმილის ან თბილი თვალების პოვნას შევეცდებოდი.
სუნთქვაშეკრული ვივლიდი ალბათ ქუჩებში. ყველა დეტალს დავიმახსოვრებდი, რომ ღამით ცივ საწოლში, მარტოდ მყოფს ჩურჩულით გამენდო მისთვის ამქვეყნიური ამბები.
ყოველ აგვისტოს ტიტებს გავატანდი ქარს.. ჩემი შეყვარებულის ვერნაპოვნ საფლავზე რომ მიეტანა.
აგვისტოს სიცხეში, მისი გარდაცვალების დღეს, ჩემ კართან მომდგარ გადარჩენილ ბიჭებს ძაძით გავუღებდი კარს. ხმის ამოუღებლად დავსვამდი კუთვნილ ადგილას. დავლევდით მის საყვარელ კონიაკს. ისინი ადგებოდნენ, ფორმას გაისწორებდნენ და ჩუმად გავიდოდნენ ჩვენი სახლიდან.
მე დავრჩებოდი სახეზე გარდაცვალება შემოკრული.
მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი იქნებოდა გასული მისი სიკვდილის შემდეგ სიტყვა აღარ იქნებოდა ნათქვამი ამ სამყოფელში. მხოლოდ ღამით ჩემი ჩურჩული და წელიწადში ორჯერ ჭიქის ჭახუნი. მეტი არაფერი.
გარდა იმ კადრების კივილისა, რომელიც 9 წელია ყოველდღე მტანჯავს.
"-უნდა წავიდე, სამშობლოსთვის. ჩემთვის და შენთვის. და მაპატიე."
9 წელია ყოველდღე გიშვებ ბრძოლის ველზე.
9 წელია არ მიბრუნდები.
მე შენი ხსოვნა შემოვიცვი და ამით ვცოცხლობ.
ჩემო სამოთხევ.
გავიმეორებდი გულში ათასჯერ და დავასრულებდი ჩემს ყოფას მის გარეშე.