If you remember me, then i don’t care if everyone else forgets.
შენ სიგარეტის გადატეხილი ღერების ბურუსში ელოდე ჩემს გამოჩენას.
მე და შენ ლატენტური სიღრმე გვაკავშირებს.
შენი უფრო დამალული ჰომოსექსუალობის ნიშანს ატარებს.
ჩემი რაღაც ამოუხსნელია.
თუმცა ესაა ერთადერთი კავშირი, ერთადერთი ძაფი, რომელიც ჩვენ პარალელურ სამყაროსთან გვაკავშირებს.
მინდა იცოდე რომ შენი და ჩემი შეხვედრა არ ჰგავს სხვებისას.
ეს დაუგეგმავი, შემთხვევითი ქმედება იყო.
ლუციფერის შეცდომა.
ღმერთისგან დამალული ცოდვა.
ყველაფერი ის რაც ნამდვილს, ჭეშმარიტს უკავშირდება.
მიწიერი ჯოჯოხეთის ამომავალი მზე, რომელიც ჩაახშო ბრბოს ახვეულმა თვალებმა.
სხვანაირად როგორ შეიძლება გადმოვცე ჩვენი წამიერი კავშირი,
ღვთიური ორგაზმის მსგავსი.
ჩემი და შენი შეხვედრა ანგელოზისა და დემონის სიყვარულს ჰგავდა.
ზუსტად ამ სიყვარულის ფერი ჰქონდა.
შენს თითებსაც მისი სუნი აქვს.
მე გეტყვი რომ ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ ერთმანეთისგან.
გეტყვი რომ არაფერია აკრძალული.
რომ ჩვენ ვქმნით სიცოცხლეს.
თუკი შეიძლება ადამიანმა თავისი სიზმრები მართოს, აკონტროლოს ქვეცნობიერი, მაშასადამე ისიც დასაშვებია რომ მე და შენ - ჩვენს რეალობას შევქმნით.
უბრალოდ ერთი ნაბიჯი.
ერთი ამოსუნთქვა.
ერთი შეხება.
ერთი მარადისობა გვჭირდება.
გპირდები სხვა ზე-ცხობრებები ჩვენთვის აღარ იარსებებს.
ჩვენ შევქმნით ღმერთს,
რომელსაც აღარ ექნება ადგილი ჩვენთვის,
აღარც ლუციფერს.
ამიტომ, მე და შენ ახალი ადამი და ევა ვიქნებით დედამიწაზე.
იმ ცოდვილ მიწაზე, რომელიც მტვრის სახელს ატარებს.
და არ იფიქრო რომ გვეყოლება შთამომავლობა, უბრალოდ იცოდე რომ ჩვენი თითოეული წუთი მარადისობა იქნება.
არ დავბერდებით.
არ მივცემთ ჩვენს გამოგონილ ღმერთს ამის უფლებას.
მე მოგიქსოვ სარეცელს ყვავილებისგან და იმ დღეს, როცა მე და შენ ერთმანეთი მოგვბეზრდება ამ საწოლზე დავწვებით.
მე მარცხენა ზღურბლზე ვიწვები და ფეხებს მივუშვერ სარეცელის სათავეს.
შენ ჩემს მოპირდაპირედ იქნები, დასასრულზე ფეხმიბჯენილი.
და ასე, წარმოსახვით გადავეშვებით უფსკრულისაკენ.
ჩვენი სხეულები ყვავილებს შეერწყმება.
მასზე კი ორი ხე ამოიდგამს ფესვებს.
ერთი უფოთლო, დაბეჩავებული, სრულიად ულამაზო მარადიული სიცოცხლის ზრდადი, მტანჯველი ხე- ეს მე ვიქნები.
მეორე ატმისფერი ყვავილებით, გაფოფრილი და დამშვენებული. ლამაზი როგორც მომაკვდავი გედის სიმღერა. სიყვარულის ხე - ეს შენ იქნები.
და მე გპირდები, რომ ჩვენი ტოტები აუცილებლად შეხვდება ერთმანეთს. შეეხება და ისევ ის გრძნობა.
ისევ ის ფერი.
ისევ ის სუნი.
ისევ და ისევ.
მე და შენ მარადისობა გვაკავშირებს.
მე ისევ ვუსხამ წყალს ჩემი ოთახის გვიმრას.
შენ ისევ დაელოდე ჩემს გამოჩენას.