Friday, August 31, 2018

L’écart d’âme



If you remember me, then i don’t care if everyone else forgets.

მე ჩემი ოთახის გვიმრას ვუსხამ წყალს.
შენ სიგარეტის გადატეხილი ღერების ბურუსში ელოდე ჩემს გამოჩენას.

მე და შენ ლატენტური სიღრმე გვაკავშირებს.
შენი უფრო დამალული ჰომოსექსუალობის ნიშანს ატარებს.
ჩემი რაღაც ამოუხსნელია.
თუმცა ესაა ერთადერთი კავშირი, ერთადერთი ძაფი, რომელიც ჩვენ პარალელურ სამყაროსთან გვაკავშირებს.
მინდა იცოდე რომ შენი და ჩემი შეხვედრა არ ჰგავს სხვებისას.
ეს დაუგეგმავი, შემთხვევითი ქმედება იყო.

ლუციფერის შეცდომა.
ღმერთისგან დამალული ცოდვა.
ყველაფერი ის რაც ნამდვილს, ჭეშმარიტს უკავშირდება.

მიწიერი ჯოჯოხეთის ამომავალი მზე, რომელიც ჩაახშო ბრბოს ახვეულმა თვალებმა.
სხვანაირად როგორ შეიძლება გადმოვცე ჩვენი წამიერი კავშირი,
ღვთიური ორგაზმის მსგავსი.
ჩემი და შენი შეხვედრა ანგელოზისა და დემონის სიყვარულს ჰგავდა.
ზუსტად ამ სიყვარულის ფერი ჰქონდა.
შენს თითებსაც მისი სუნი აქვს.

მე გეტყვი რომ ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ ერთმანეთისგან.
გეტყვი რომ არაფერია აკრძალული.
რომ ჩვენ ვქმნით სიცოცხლეს.
თუკი შეიძლება ადამიანმა თავისი სიზმრები მართოს, აკონტროლოს ქვეცნობიერი, მაშასადამე ისიც დასაშვებია რომ მე და შენ - ჩვენს რეალობას შევქმნით.
უბრალოდ ერთი ნაბიჯი.
ერთი ამოსუნთქვა.
ერთი შეხება.
ერთი მარადისობა გვჭირდება.

გპირდები სხვა ზე-ცხობრებები ჩვენთვის აღარ იარსებებს. 
ჩვენ შევქმნით ღმერთს,
რომელსაც აღარ ექნება ადგილი ჩვენთვის,
აღარც ლუციფერს.
ამიტომ, მე და შენ ახალი ადამი და ევა ვიქნებით დედამიწაზე.
იმ ცოდვილ მიწაზე, რომელიც მტვრის სახელს ატარებს.
და არ იფიქრო რომ გვეყოლება შთამომავლობა, უბრალოდ იცოდე რომ ჩვენი თითოეული წუთი მარადისობა იქნება.
არ დავბერდებით.
არ მივცემთ ჩვენს გამოგონილ ღმერთს ამის უფლებას.

მე მოგიქსოვ სარეცელს ყვავილებისგან და იმ დღეს, როცა მე და შენ ერთმანეთი მოგვბეზრდება ამ საწოლზე დავწვებით.
მე მარცხენა ზღურბლზე ვიწვები და ფეხებს მივუშვერ სარეცელის სათავეს.
შენ ჩემს მოპირდაპირედ იქნები, დასასრულზე ფეხმიბჯენილი. 
და ასე, წარმოსახვით გადავეშვებით უფსკრულისაკენ.

ჩვენი სხეულები ყვავილებს შეერწყმება.
მასზე კი ორი ხე ამოიდგამს ფესვებს.
ერთი უფოთლო, დაბეჩავებული, სრულიად ულამაზო მარადიული სიცოცხლის ზრდადი, მტანჯველი ხე- ეს მე ვიქნები.
მეორე ატმისფერი ყვავილებით, გაფოფრილი და დამშვენებული. ლამაზი როგორც მომაკვდავი გედის სიმღერა. სიყვარულის ხე - ეს შენ იქნები.
და მე გპირდები, რომ ჩვენი ტოტები აუცილებლად შეხვდება ერთმანეთს. შეეხება და ისევ ის გრძნობა.
ისევ ის ფერი.
ისევ ის სუნი.
ისევ და ისევ. 
მე და შენ მარადისობა გვაკავშირებს.

მე ისევ ვუსხამ წყალს ჩემი ოთახის გვიმრას.
შენ ისევ დაელოდე ჩემს გამოჩენას.

Wednesday, January 24, 2018

What would you do for love?!


Don't waste your time on me,
You are already the voice inside my head.


-"მისის დოლოუეიმ თქვა, რომ თვითონ იყიდდა ყვავილებს."- გადათოვლისფერებული ყინულის კედლებში ზარივით ირხეოდა თინას სასოწარკვეთილი კივილი.-"მისის დოლოუეიმ თქვა... რომ თვითონ იყიდის.. ყვავილებს თვითონ.. მისის დოლოუეი."-ღრიალი არ ჩერდება.
 აჩქარებული ნაბიჯით მიემართება თეთრი ანგელოზი მისი პალატისკენ. გასაღებს საკეტში აცურებს, სამჯერ ატრიალებს და კარს მშვიდი სახით აღებს.
 -"თინა.. შემომხედე! არაფერია, ნუ ღელავ. ყველაფერი კარგადაა.."
 -"მაგრამ, მან თქვა რომ.."
 -"ვიცი, ვიცი, დამშვიდდი."- აკანკალებულ მხრებზე ხელები მოხვია ნანამ. გულში ჩაიხუტა, თმაზე იქამდე ეფერებოდა, ვიდრე არ დამშვიდდა და საწოლში არ დააბრუნა.
 -"არ დამაძინოთ, ისევ არ მოვა. მის გარეშე მეშინია, მასთან მინდა და უნდა წავიდე. სიზმარში ვნახე, მტრედებს მივყავდი მისკენ.. მე იასამნის სუნი მაქვს."
 -"ნუ გეშინია, ყოველთვის მოდის და ახლაც მოვა." - ნანამ გამთბარი ღიმილით ჩახედა თინას აცრემლიანებულ, ზურმუხტისფერ თვალებში. მარმარილოსავით ცივი ხელი გავარვარებულ შუბლზე გადაუსვა და თვალები დახუჭა.
  მერე, თეთრი ოთახის კედლებს წამლის და მარტოობის სუნი ობივით მოეკიდა. რკინის კონსტრუქციაზე ჩამწკრივებული ცისარტყელისფერება აბები შემოიტანა ალექსანდრემ. ის ახალი მოსული იყო და პაციენტების ისტორიას ჯერ არ იცნობდა. გაუკვირდა, როდესაც მათ შორის უცნაური კავშირი იგრძნო. თინას აბების დასტა დაალევინა და დაელოდა, როდის ჩაეძინებოდა. აღფრთოვანებული და დაბნეული უყურებდა ნანასგან გამომავალ მზისფერ სითბოებს. ექიმი დაკვირვებული ქალი იყო და სანდროს რეაქცია არ გამოპარვია. ამიტომ სანამ ის გაბედავდა და უხერხული სიჩუმის დარღვევას შეეცდებოდა, თინას ხელი ხელებში მოიქცია და საუბარი დაიწყო.
 -"თინა ჩემი ბავშვობის მეგობარია. გული მიკვდება წამლებისგან გამოფიტულს, ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ."-მძიმედ ჩაისუნთქა-"ისევ ისეთი თვალები აქვს, ღრმა და სევდიანი. ხელებზე მთელი ბავშვობა აწერია, მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, მაინც თბილი აქვს, როგორც ყოველთვის.
ადრე გრძელი, გრუნტივით შავი, ხვეული თმა ჰქონდა. ახლა ნერვიულობის ჭაღარა შეპარვია. კულულებიც ოცნებებივით ჩამოეშალა. ვეღარც ზღვას ატარებს გულით. მაგრამ ფერი დარჩა იგივე. ჩემი იისფერი ქალბატონი...
 მწერალი იყო. ყოველ ღამით ნახულობს თავის მოთხრობებს, მიყვება, თვითონ არ ახსოვს.
 ბოლო დროს მისი სიზმრების დედოფალს შავი ფატა ჩამოუფარებია. კოშმარებს ნახულობს და გაღვიძებისას ვერაფრით ისვენებს.
 როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდით, თაყვანისმცემელთა არმიიდან ერთი ბიჭი ამოირჩია. ფიქრობდა, რომ მას ყველაზე ნაკლებად მოსწონდა. გადაწყვიტა ერთი წლის განმავლონაში, ყოველ თვეს, ერთი დღით ენახა. ამ დღეების დასამახსოვრებლად კი ერთმანეთისთვის მცირე საჩუქრები უნდა ეჩუქებინათ. ამ დღეს For Love-ს ეძახდა. ყოველ თვეს ხვდებოდნენ ერთმანეთს, მთელ დღეს ერთად ატარებდნენ და მეორე თვემდე წყვეტდნენ კონტაქტს.
 მას შემდეგ 19 წელი გავიდა. როცა თინა ავად გახდა ეს ბიჭი ყოველდღე აკითხავდა. თინას ქრონიკულად მიმდინარე, ბოდვით ფსიქოზთან ერთად ალცჰაიმერიც აქვს, დროდადრო რაღაცეები ავიწყდება. ის კი ყოველდღე მოდიოდა, უყურებდა და მიდიოდა. თუ თინა იცნობდა ლაპარაკობდნენ. თუ არა და სამყაროს სევდას ჩაიტევდა ხოლმე ის ბიჭი და ისე უყურებდა, ყველა ქალს რომ შეშურდება. თინაც ბედნიერი იყო."- ცრემლები დააწვნენ ნოტებს და ბზარი გაუჩინეს ნანას ხმას. ალექსანდრე ჩაფიქრებულიყო, ინტერესით უსმენდა ნანას მონათხრობს და თინას წამწამებზე ჩამოკიდებულ უცნაურ ფერს უყურებდა.
-"მერე რა მოხდა? სადაა ახლა ის კაცი?"- ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა ალექსანდრე და მომლოდინე მზერა მთხრობელზე გადაიტანა.
 ნანამ ხელი ფრთხილად გაუშვა თინას. საწოლთან ჩაიმუხლა. ლოყაზე ხელი გადაუსვა ავადმყოფს. ნერწყვი გადაყლაპა და უთხრა:
 -"ერთი კვირაა არ გამოჩენილა. ერთი კვირაა თინას კოშმარები აღვიძებს და ვერაფრით იმშვიდებს თავს, მთელი კვირაა ახსოვს... დღეს გავიგე, რომ "ის ბიჭი" მოკვდა. ვიცი, რომ თინაც დღეს დამტოვებს. მითხრა, რომ მიდის და იასამნის სულს მიტოვებს მხოლოდ. ვიცი რომ წავა, იმასთან ვინც არასოდეს ჰყვარებია ისე ძლიერ, როგორც სხვები. თუმცა მაინც რომ მთელ სამყაროს ერჩივნა. წავა და დამტოვებს იმ მოგონებების ზღვაში, რომელსაც ვერასოდეს გადავცურავ.
განა ყოველთვის ასე არ ვიქცევით? ვირჩევთ იმას, ვისაც ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებთ."-ცრემლი მოიწმინდა, ბოლოჯერ შეხედა სიმწრისა და სევდისგან გადახუნებული სახით ნანამ მეგობარს და კარისკენ დაიწყო სვლა.
 ფორთოხლისფერი მაგიდიდან დიდი ბლოკნოტი აიღო, რომელსაც ინგლისური ასოებით ეწერა "For Love". ალექსანდრეს მიუბრუნდა, გაუღიმა და უთხრა:-"ეს ისაა, რაც მისგან მრჩება. რაც ყველაზე მეტად უყვარდა და რის გამოც მას ვაღმერთებდი."
 ოთახიდან გავიდნენ, ალექსანდრემ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და ფრთხილად დახურა კარი.
 დარჩა წამლის სუნი, არაფრის მომცემი ნივთები და იისფერი სული, რომელიც ხსნას იპოვნის, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს ზარს.

L’écart d’âme

If you remember me, then i don’t care if everyone else forgets. მე ჩემი ოთახის გვიმრას ვუსხამ წყალს. შენ სიგარეტის გადატეხილი ღე...